საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მუჰამედ ჯალუდთან და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ასტრიტ ჰასანისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა 2026 წელს ბათუმში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ძალოსნობის განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო ერთობლივ პროექტებს.
დღეს თბილისში კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა. ძალოსნობის საერთაშორისო და ევროპული ფედერაციების პრეზიდენტები საქართველოში სწორედ ტურნირის ფარგლებში იმყოფებიან.
შეხვედრას სპორტის მინისტრის მრჩეველი მანანა ქავთარაძე, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი მილან მიჰაილოვიჩი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე, ვიცე-პრეზიდენტები - კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე, გენერალური მდივნი რუსუდან მურადაშვილი და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ესწრებოდნენ.
სპორტის მინისტრმა შეხვედრისას კახი კახიაშვილს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ბათუმი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს მომავალი წლის აპრილში უმასპინძლებს. ბათუმში ევროპის ჩემპიონატი მეორედ ჩატარდება. პირველად ჩემპიონატი 2019 წელს გაიმართა - ღონისძიებამ ევროპის ფედერაციის უმაღლესი შეფასება მიიღო და მას მომავლის ჩემპიონატიც კი უწოდეს. 2026 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას აჭარას ეწვევა ათასზე მეტი სტუმარი - როგორც სპორტული, ისე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები და გულშემატკივრები. კონტინენტის პირველობა 160 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.