რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილის აფეთქების მცდელობა აღკვეთა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„თვითნაკეთი, მაღალი სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი ავტომობილი უკრაინიდან რუსეთში ტრანზიტით, რამდენიმე ქვეყნის გავლით ჩავიდა. მან რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში, ზემო ლარსის საერთაშორისო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადაკვეთა და კერძო მძღოლის მიერ მართული ავტომობილით კრასნოდარის მხარეში უნდა გამგზავრებულიყო“, - ნათქვამია რუსული უწყების განცხადებაში, რომლითაც ასევე ვიგებთ, რომ იგეგმებოდა ავტომობილის გადაცემა იმ ადამიანისთვის, ვინც მას ყირიმის ხიდზე გაატარებდა და „უნებლიე თვითმკვლელ ტერორისტად“ იქცეოდა.
„უკრაინელი ტერორისტების ხრიკების მიუხედავად, „ეფ-ეს-ბე“- მ მოახერხა მათი გეგმების ოპერატიულად გამოვლენა, „შევროლე ვოლტში“ შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობის იდენტიფიცირება და განეიტრალება და ყველა იმ პირის დაკავება, ვინც მისი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანაში მონაწილეობდა“, - აცხადებენ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.
მომხდარზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებული არიან დანაშაულის თანამონაწილეები, მათ შორის მძღოლი, რომელმაც, უწყების მტკიცებით, არ იცოდა, რა ხდებოდა და შესაძლოა, „თვითმკვლელი ტერორისტი“ გამხდარიყო.