პირველი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება

15 სექტემბერი 2025, 13:44 149 ნახვა

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. 365-დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია: უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით; ვებგვერდის მეშვეობით; მობილური აპლიკაციის საშუალებით“, – აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი