პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში, შეგვიძლია ვისაუბროთ სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე - პრემიერი

26 სექტემბერი 2025, 11:57 96 ნახვა

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებითაც გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით და ტენდენციებით შესაძლებელია საუბარი საშუალოვადიან პერსპექტივაში სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრაზე ქვეყანაში.

„ამ შედეგებს აქვს კონკრეტული საფუძველი. ჩვენ გვაქვს ძალიან მწყობრი ეკონომიკური პოლიტიკა, გვაქვს სათანადო ლიბერალური საგადასახადო სისტემა, ბიზნესი არის თავისუფალი, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლიდან მოყოლებული და სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, რომ ბიზნესს აღმოუჩინოს ყველანაირი მხარდაჭერა. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი და ვფიქრობ, რომ მენეჯმენტიც არის უზრუნველყოფილი მაღალ დონეზე შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით იყო სერიოზული, მნიშვნელოვანი ხარვეზები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან, რომლებიც არიან ჩართულები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ იქნება უზრუნველყოფილი სრულიად სამართლიანი კონკურენცია, რამაც უნდა უზრუნველყოს როგორც ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესება, ასევე, მნიშვნელოვანია შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რეზი სოხაძეს, იმისათვის, რომ მაქსიმუმს აკეთებს ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, საინტერესო ვიზიტი შედგა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მისივე განმარტებით, მთავრობა შეთანხმებულია 6,6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციაზე, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე