სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის თვალსაზრისით, ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა - პრემიერი

16 ოქტომბერი 2025, 20:23 127 ნახვა

ჩვენ განვსაზღვრეთ 7 ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა 7 ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს დოკუმენტს. 

„რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა, რომელიც  ჩვენი მხრიდან იქნა იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85%-ზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, აქაც პრობლემურია ეს ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა. 

შესაბამისად, რადგან კონცენტრაცია გვაქვს დედაქალაქში, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით. განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორიც არის ქუთაისი და რუსთავი. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით სერიოზული ცვლილებების განხორციელება შეიძლება. 
რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე, იგივე შეიძლება ითქვას თბილისში მოქმედ სახელოვნებო 3 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და იგივე შეიძლება ითქვას საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში