თორნიკე შენგელია მატჩის MVP გახდა

20 ოქტომბერი 2025, 09:01 69 ნახვა

საკალათბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო. ლიგა ენდესას მესამე ტურში თორნიკე შენგელიას გუნდმა „უნიკახა“ სტუმრად 83:77 დაამარცხა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ქართველმა ითამაშა, რომელიც შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

თორნიკე შენგელიამ 22 წუთში 18 ქულა და ერთი პასი ჩაიწერა აქტივში. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი გამოიყენა და საჯარიმო ხაზიდან 8-დან 8 ბურთი ჩააგდო. „ბარსელონა“ მომდევნო ორ მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს.

23 ოქტომბერს ევროლიგის შეხვედრაში „ჟალგირისს“ უმასპინძლებს, ხოლო 25 ოქტომბერს ლიგა ენდესას ფარგლებში „ბრეოგანს“ მიიღებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში