მეუფე დიმიტრის თანამზრახველად დასახელებას მთხოვდნენ - ''ციანიდის საქმე''

06 დეკემბერი 2017, 00:00 5279 ნახვა

გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ გამოძება მას თავისუფლების სანაცვლოდ ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრისა და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის იოსებ ოხანაშვილის დასახელებას სთხოვდნენ. 

განცხადება დეკანოზმა მამალაძემ, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზეა დაკავებული სასამართლო პროცესზე განაცხადა და გამოძების უნდობლობის მოტივით დარბაზი დატოვა.

"გატაცების მომენტიდან მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილი ბრალისა, ჩემი ადვოკატის თანდასწრებით მთხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტი დიმიტრის და სოსო ოხანაშვილი მონაწილეობას.  სანაცვლოდ, ფსევდო თანამშრომლობისთვის,  თავისუფლებას პირდებოდნენ" - განაცხადა გიორგი მამალაძემ.

დეკანოზი პროკურატურისგან ზეწოლის ფაქტებს საუბრობს. 

"ამ აღიარებისთვის პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერყხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობა ჩემს ოჯახზე, მოწმეებსა და ადვოკატებზე. რამდენიმე კვირის წინ, თავდასხმა მოხდა ჩემს ძმაზე, მუქარის შეტყობინებები მიიღო ჩემმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, მოწმე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა ზეწოლის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას არ მიეცა ჩვენება სასამართლოში საქმესთან დაკავშირებით. ჩვენების მიცემის შემდეგ კი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ. დაშინების მცდელობა იყო მისი მეუღლის და შვილის მიმართაც. ადვოკატები დაიბარეს ტელევიზიით გავრცელებული დახურული სხდომის მასალების გამო პროკურატურაში და სასამართლოში, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა, სხვა საქმის პროკურორს გადასცა აღნიშნული მასალა, ხოლო პროკურორმა დაულუქავად გადასცა ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას" - აცხადებს დეკანოზი.

სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით,''მთავარი'' დაუკავშირდა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, თუმცა მიტროპოლიტ დიმიტრის პრესსპიკერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეუფე, დეკანოზის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში