''საშიში გარემო მოსწავლეებისთვის'' - მშობლები უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ

29 მარტი 2018, 00:00 2905 ნახვა

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეების მშობლების პროტესტი სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, კერძო სასწავლებლის გვერდით, პიროტექნიკის მაღაზიაა განთავსებული. მშობლები ამბობენ, რომ ეს ბავშვებისთვის უსაფრთხო არ არის და ხანძრის რისკები ძალიან დიდია.

‘’სკოლის ქვემოთ ბომბი დევს, ეს საშიშია ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის“ - გვწერს სკოლის მოსწავლის ერთ-ერთი მშობელი, - „ბოლოსდაბოლოს გაგვახსენდეს ხოფის ბაზრობა, რა ამბავი მოხდა მაგის გამო. სწორედ პიროტექნიკის მაღაზიის აფეთქებამ გადაწვა იქაურობა (ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი ავტ.) მთელი სკოლის მშობლების სახელით გთხოვთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ამ საქმეს, სანამ ტრაგედია არ დატრიალდა’’.

წერილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რამდენიმე მშობელმა მას შემდეგ გამოუგზავნა, რაც რუსეთში, ქალაქ კემეროვაში 41 ბავშვი სავაჭრო-გასართობ ცენტრში ხანძრის შედეგად დაიღუპა.  

"ახლა რუსეთში დატრიალდა საშინელი ტრაგედია, დაიღუპნენ ბავშვები. ჩვენთან ''ლეოგრანდში'' მოხდა უბედურება, ძაან გახშირდა ხანძრები. გადაამოწმეთ, სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდებით“ - გვწერს ნონა მეტრეველი. 

მშობლები ითხოვენ, სახელმწიფომ უზრუნველყოს, აიკრძალოს სკოლასთან ახლოს ფეთქებადი ან მალაალებადი ნივთიერების რეალიზაცია.

სახელმწიფო ამ ტიპის საფრთხისგან მოსწავლეებს ვერ იცავს. თვითმმართველობა და განათლების სამინისტრო პიროტექნიკის რეალიზაციას ვერ აღკვეთას თუ ის მაღაზიაში იყიდება.   

„ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური, პროცესებში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა საქმე სკოლის ან ბაღის ტერიტორიასთან ახლოს პიროტექნიკით უკანონო გარევაჭრობას ეხება. სხვა შემთხვევაში მაკონტოლებლებს კანონი მოქმედების უფლებას არ აძლევს. ზედამხედველებს კერძო სავაჭრო ობიექტებში შესვლისა და მონიტორინგის უფლება არ აქვთ,“ - განმარტავენ ბათუმის მერიაში.

კერძო სკოლის მომიჯნავედ, ასევე კერძო საკუთრებაში რა ტიპის სავაჭრო ობიექტი გაიხსნება ვერც აჭარის განათლების სამინისტრო გააკონტროლებს, გაფრთხილებისა და დაჯარიმების მექანიზმი არ აქვთ.

რაც შეეხება სკოლის მენეჯმენტს, ისინი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ სკოლაში ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა ხალხმრავალ ადგილებში განსაკუთრებულად უნდა კონტროლდებოდეს უსაფრთხოება.

„ღმერთმა ყველა დაიფაროს, არავინ არაა არაფრისგან დაზღვეული. მთავარია ისეთი ნივთიერებები არ იყიდებოდეს, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს საშიშროებას შეუქმნის. ზემდგომი ორგანოები, მსგავს წერტილებს სისტემატურად უნდა ამოწმებდნენ’’ - ამბობს თინათინ ბარაბაძე „ქართულ-ამერიკული  საერთაშორისო სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი.

ფაქტია, რომ პიროტექნიკა მალაალებადი ნივთიერებაა და სახიფათოა.  მშობლები რეაგირებას ხელისუფლებას სთხოვენ, რომ უსაფრთხო იყოს გარემო იქ, სადაც ყოველდღიურად ბავშვები რამდენიმე საათს ატარებენ.

ამავე კატეგორიაში