„ველმონდი“ დალუქულია

18 აგვისტო 2018, 00:00 2255 ნახვა

სასტუმრო და კაზინო „ველმონდი“-ს თანამშრომლები, რომლებიც ახლა სასტუმროს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან ამბობენ, რომ დამსვენებლებს, რომელთაც ნომრები წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი  სხვა სასტუმროებში დაბინავებაში ეხმარებიან. გუშინ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა „ველმონდში“ განთავსებული ტურისტები სხვა სასტუმროში გაანაწილა. დეპარტამენტი პროცესში აქტიურადაა ჩართული. ყოფილი „ლეოგრანდი“ გუშინ დაიხურა და დაილუქა - ადმინისტრაციამ მუშაობა შეწყვიტა. სასტუმროში 9 თვის წინ მომხდარი ხანძრის შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები კვლავ არ არის დაცული. სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უსაფრთხოების  ნორმების დაუცველობის გამო სასტუმრო ლეოგრანდთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

განჩინების საფუძველზე კი ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ფუნქციონირების უფლება შეუწყდა.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას დაიწყებს მენეჯმენტი, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მიმართავს სამსახურს სასტუმროსა და კაზინოს გახსნის მოთხოვნით.პირველი აგვისტოდან ქვეყანაში უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სამსახური ყველა მოქმედ სასტუმროს შეამოწმებს, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში იგივე სანქციებს სხვა სასტუმროების მიმართაც გაატარებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში