"ქართული ოცნების" სტილი არაა რეზინის ტყვიები, თუმცა მოუწიათ ამის გაკეთება - დეპუტატი

21 ივნისი 2019, 16:23 2978 ნახვა

რატომ მოატყუა მამუკა ბახტაძემ მოქალაქეები, რომ არ იქნებოდა რეზინის ტყვიები და დარბევა, რადგან არ არის ეს "ქართული ოცნების" სტილი? განცხადებიდან 7 წუთში კი დაიწყო მოქალაქეების დაშლა? ჟურნალისტის ამ კითხვაზე, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა უთხრა, რომ ის აბსოლუტურად ეთანხმება საქართველოს პრემიერის ამ მოსაზრებას და მმართველი გუნდის სტილი, ნამდვილად არ არის ძალადობა. 

"ჩვენ თუ ვიტყვით ვინ ვის მოატყუა, ეს იქნება არასწორი მოცემულობა. რეალურად, "ქართული ოცნების" სტილი არ არის რეზინის ტყვიები. მაგრამ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ჰუმანურ პოლიტიკას ატარებენ, მაგრამ ხდება პოლიციაზე თავდასხმა, მას უწევს ადეკვატური რეაგირება" - თქვა მდინარაძემ.

გუშინ, 20 ივნისს, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების ძალის გამოყენებით დაშლა,  ღამის 12 საათზე დაიწყო. მოქალაქეები მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არ შეასრულა მოთხოვნა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს, პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა. 

ერთსაათიანი დაპირისპირების შემდეგ, პოლიციამ მოქალაქეების მიმართულებით ინტენსიურად გაუშვა ცრემლსადენი გაზი, გამოიყენა რეზინის ტყვიები, მათ შორის ისეთები, რომლებსაც დიდი ზომის ცხოველებზე იყენებენ. აქციის ერთჯერადი დაშლის შემდეგ, მოქალაქეები უკან ბრუნდებოდნენ. პოლიციამ დაამატა სპეციალური დანიშნულების რაზმები და გამოიყენა წყლის ჭავლი, მოქალაქეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მიღმაც რეზინის ტყვიებით მისდევდნენ. 

ოფიციალურად 240 ადამიანი დაშავდა, დაშავებულებს შორისაა ორი ახალგაზრდა,მათ თვალში რეზინის ტყვიები მოხვდათ და თვალის ჩინის შენარჩუნება ოპერაციის მიუხედავად ვერ მოხერხდა. აქციის დროს დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმაც, რამდენიმე ოპერატორი კი, მათი განცხადებით, პოლიციელებმა სცემეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში