ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

16 ოქტომბერი 2020, 18:32 1305 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობასთან ერთ-ერთმა მოშიმშილემ პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. იგი პროტესტის უკიდურეს ფორმას მე-5 დღეა მიმართავს. ტერიტორიაზე პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების შედეგად, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები არიან შეკრებილი. მათ შორის არიან სამორინეს თანამშრომლები. ისინი ამბობენ, რომ პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, არ აქვთ ფინანსური შემოსავალი და საბანკო დავალიანებას ვერ იხდიან. აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობას 7 ადამიანი აგრძელებს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის საბანკო სესხების გადავადება და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკთან კოორდინირებული მუშაობა. გადაგზავნილია ინფორმაცია უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების მოთხოვნების შესახებ და კონკრეტული გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში