საოჯახო სასტუმროების მფლობელების მორიგი აქცია ქობულეთში

24 აგვისტო 2021, 18:20 1029 ნახვა

გზა გადაკეტეს ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა. ქობულეთის მერიასთან საოჯახო სასტუმროების მფლობელები ისევ შეიკრიბნენ. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. ამბობენ, რომ გასული წლის მსგავსად ტურისტული სეზონი წელსაც ვერ შედგა, რის გამოც ბანკის სესხების გადახდას ვერ ახერხებენ.  აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ''ქართული ოცნების'' ოფისისკენ მსვლელობით მივიდნენ. მანამდე კი ''საქართველოს ბანკის'' ერთ-ერთ ოფისთან მივიდნენ, შენობის შესასვლელთან განლაგდნენ და მოქალაქეებს ბანკში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.  საოჯახო სასტუმროს მფლობელები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, მანამდე კი ქალაქის მერს  შეხვდნენ.  მათი თქმით, მირიან ქათამაძისგან ზოგადი პასუხები მიიღეს, რომ საკითხზე მთავრობა მუშაობს. თუ ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური მთავრობა აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ქობულეთის მერიის შენობის წინ კარვების დადგმას გეგმავენ.  მომდევნო საპროტესტო აქცია კი პარასკევისთვის დაანონსეს. ქობულეთის მოსახლეობას ეკონომიკის სამინისტროში უპასუხეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში