სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ, როგორც მამა, როგორც ადამიანი - შარლ მიშელი

20 აპრილი 2022, 21:31 1129 ნახვა

სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი დღეს ბოროდიანკაში, როგორც მამამ და ადამიანმა, ამ სისასტიკის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შევხვდი ადამიანებს, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას თუ რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არამედ, როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სამხედრო დანაშაული, ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს უნდა დაისაჯონ. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს, ჯარისკაცებს, დონბასს, მარიუპოლს იმისთვის, რომ ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ ევროპული ღირებულებებისთვისაც აგრძელებენ, ასევე თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს ხელშია, იმისთვის რომ დავეხმაროთ უკრაინას,"- განაცხადა შარლ მიშელმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენკიმ ევროკავშირს მე-6, ძლიერი სანქციების პაკეტის ამოქმედება სთხოვა, რომელიც ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს მოიცავს. 

"ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სანქციების ხუთი პაკეტისთვის, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი აზრით, გარკვეული საკითხები დასრულებული არ არის, რადგან ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან ომის დაფინანსების შეჩერება შეწყდეს. ჩვენ გვსურს, დამტკიცდეს სანქციების შემდეგი, მეექვსე ძლიერი პაკეტი. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ, მათ შორის ნავთობსა და გაზზე. ნავთობი აუცილებლად უნდა შევიდეს მეექვსე სასანქციო პაკეტში, ამის გარეშე ის არ იქნება საკმარისად მძლავრი, არამედ იქნება ცარიელი. საბოლოოდ, ყველა რუსული ბანკი უნდა გაითიშოს „სვიფტიდან“, მათ შორის „სბერბანკი“ და „გაზპრომბანკი“. უნდა დაბლოკოს რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ყველა ანგარიში და ეს ფული უნდა მოხმარდეს უკრაინის რეკონსტრუქციას. ყველა რუსმა მაღალჩინოსანმა და მათი ოჯახის წევრებმა საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ სანქციების მოქმედება და უკრაინის წინააღმდეგ ჩვენს უკრაინულ მიწაზე ომისადმი მათი პირადი მხარდაჭერის შედეგები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაახლოებით 120 000 ადამიანი რჩება

"ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინა და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ამ სამხედრო დანაშაულებებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი არ წყვეტს სისხლისღვრას და სურს უკრაინელებისა და ჩვენი სახელმწიფოს განადგურება.

რუსეთის ძალებმა დაიწყეს ახალი, ფართომასშტაბური შეტევა დონბასში. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, ვხედავთ ყველა რისკს და ყველა ნაბიჯებს. ისინი განაგრძობენ სარაკეტო იერიშებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მათ მხოლოდ მარიუპოლში, მძევლად ჰყავთ 120 ათასი ადამიანი. დანაშაულები, რომლებიც ხდება მარიუპოლში, ბევრად საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ჩვენ შევძლებთ, პასუხი ვაგებინოთ ყველას დამნაშავეს და დარწმუნებული ვართ, რომ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქში დღეს მატარებლით ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციამდე ის ბოროდიანკაში იმყოფებოდა, სადაც პირადად ნახა რუსეთის მიერ გამოვლენილი აგრესიის მასშტაბები და სისასტიკე და მას სამხედრო დანაშაული უწოდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში