საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებისა და შესაბამისი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
„ზემოაღნიშნული პოზიციებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 2022 წლის 26 ივლისის ჩათვლით საბუთები წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25 (საფოსტო ყუთის მეშვეობით) ან გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“-„ვ“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება.
ცესკო-ს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.