ისტორიაში პირველად „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს

16 მარტი 2023, 19:17 468 ნახვა

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა, 3:0 დაამარცხა  და მეოთხედფინალში გავიდა. პირველი საგოლე მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, სადაც კევინ ტრაპმა აჯობა. ხვიჩას გატანა 43-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ გერმანელმა მეკარემ კვლავ საიმედოდ ითამაშა. პირველი ტაიმის დამატებულ მეორე წუთზე ოსიმენმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, 53-ე წუთზე კი ნიგერიელმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. 64-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პიოტრ ჟელინსკიმ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ მოგებით „ნაპოლი“ კლუბის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს. მეორე შეხვედრაში მადრიდის რეალმა ლივერპულს უმასპინძლა და ბენზემას გოლით 1:0 დაამარცხა. საბოლოოდ მეოთხედფინალში ნაპოლი, მილანი, ინტერი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი, ბაიერნი, რეალი და ბენფიკა გავიდნენ. მეოთხედფინალის წილისყრა 17 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. პირველი მეოთხედფინალები 11-12 აპრილს აიღებს სტარტს, განმეორებითი – 18-19 აპრილს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში