ქვიშაზე ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება

05 მაისი 2025, 13:59 176 ნახვა

ქვიშაზე ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპის წინა დასკვნით შეკრებას ბათუმში გადის. პლანეტის პირველობას 12-13 მაისს მექსიკის ქალაქი მონტერეი უმასპინძლებს.

ამ ეტაპისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე 18 ქვეყანაა დარეგისტრირებული და მათ შორისაა საქართველოც, რომელიც ტურნირზე ოთხივე წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი. გუნდის მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონებითა და პრიზიორებითაა დაკომპლექტებული.

70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან ქელეხსაშვილი იასპარეზებს, ოთხმოცში ნიკა კენჭაძე, 90 კილოგრამში დავით ფირუზაშვილი იჭიდავებს, +90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ტიტულის დასაცავად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მამუკა კორძაია იბრძოლებს.

აქვე გეტყვით, რომ 16-26 მაისს ბათუმში ეროვნული და 17-წლამდელთა ნაკრებების ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიმართება. 28 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით კი ხორვატია ქვიშაზე ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე სერიას და 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში