სომხეთში შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი დააკავეს. მას ორი თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მთავარეპისკოპოსის დაკავება ჯერ კიდევ გუშინ დილით სცადეს სრულიად სომხეთის სომეხთა კათოლიკოსის რეზიდენციაში , თუმცა, სასულიერო პირებმა და მრევლმა წინააღმდეგობა გაუწიეს ძალოვანებს. მოგვიანებით, მთავარეპისკოპოსმა თავად დატოვა რეზიდენციის ტერიტორია და ერევნისკენ გაემართა, სადაც საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარსდგა.
აჯაპაჰიანს მთავრობის დამხობის საჯაროდ მოწოდებაში ადანაშაულებენ, თუმცა თავად ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს. სომხეთის ხელისუფლებასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის დაპირისპირება პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების შემდეგ გამწვავდა.
ფაშინიანმა ეკლესიასთან მიმართებით უცენზურო სიტყვების გამოყენებით უხეში განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, პრემიერი სრულიად სომხეთის კათოლიკოსის არჩევის პროცედურის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა, რითაც მიანიშნა, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს გადამწყვეტი როლი უნდა დაფიქსირდეს.
ბიზნესმენისა და ფილანტროპის სამველ კარაპეტიანის დაპატიმრებამ, რომელიც ღიად უჭერს მხარს ეკლესიას, სომხურ დიასპორაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებების წარმომადგენლებმა დაგმეს მიმდინარე მოვლენები და განაცხადეს, რომ ეკლესიასა და მის მხარდამჭერებზე პოლიტიკური ზეწოლა მიუღებელია.