რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას

25 აგვისტო 2025, 15:54 92 ნახვა

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, უარი თქვან 4 ოქტომბერს თვითთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან. შესაბამისად, ეს იქნება ასე, ვიდრე ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს. ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!“,- ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

აღნიშნული ოპოზიციური პარტიები არიან: „თავისუფლების მოედანი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და „ევროპული საქართველო“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი