საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან, მათ ხელში ქვეყანა არასდროს ჩავარდება - შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2025, 17:27 133 ნახვა

ბრიუსელის ელჩებმა მოახერხეს, რომ ევროკავშირი და პროევროპულობა გააიგივეს სიძულვილთან, ზიზღთან, ძალადობასთან. საბოლოო ჯამში, ეს ზიზღი მათ მიუბრუნდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, „საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან“.

„პროევროპულობა საქართველოში იქცა ზიზღის, ძალადობის, მათ შორის, ყველანაირი ღირებულებებისგან განზე მდგომ დამოკიდებულებად. სამწუხაროდ, ეს შექმნა დღეს ბრიუსელმა საქართველოში. მათ, მისმა ელჩებმა მოახერხეს, რომ ევოკავშირი და პროევროპულობა გააიგივეს სიძულვილთან, ზიზღთან, ძალადობასთან. საბოლოო ჯამში, ეს ზიზღი მათ მიუბრუნდებათ. ესეც არის ისტორიული გამოცდილება, მათ შორის ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა, რომლებიც სხვაგან ბოროტებას თესდნენ და, საბოლოო ჯამში, საკუთარ ქვეყანაში მიიღეს ბოროტება. ეს ზიზღი მათვე მიუბრუნდებათ. რაც შეეხება ინდოეთის მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, მათი საფიცარი სხვაგან არის. მილიონ-ნახევრიანი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იქით მილიარდ-ნახევრიანი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვერ ხედავენ. ეს არის მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, მაგრამ რაც ყველაზე უბედურებაა, ეს არის მათი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ამიტომაც ვამბობთ, რომ საქმე გვაქვს მრუდე ქართველების ჯგუფთან, რომელსაც ტვინს ურეცხავენ გარედან. ამ მრუდე ქართველების ხელში ჩვენი ქვეყანა არასდროს ჩავარდება და ამაზე არაერთხელ მიიღო გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში