შეხვედრა გაიმართა აჭარის სპორტის სამინისტროში მათთან, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მათ შორის, ჭიდაობის, ძიუდოს, ტაეკვონდოსა და კონტაქტური კარატეს წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გელა ბოლქვაძე ვიცე-ჩემპიონი გახდა, ძიუდოისტმა საბა ბოლქვაძემ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტაეკვონდისტმა ზურა კინწურაშვილმა მსოფლიო უნივერსიადა მოიგო, ამავე სახეობაში ნიკა ღოღობერიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
რაც შეეხება კონტაქტური კარატეს წარმომადგენლებს, მათ ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებსა და დიდების კატეგორიაში საერთო ჯამში 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობის გამარჯვებულები ძმები გიორგი და დავით ძნელაძეები გახდნენ, დიმიტრი მსხალაძე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
დიდების კატეგორიაში ევროპის ჩემპიონები გახდნენ მინდია მგელაძე და დავით მსხალაძე, ლაშა შანთაძემ და დათა ფუტკარაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე