პენტაგონის რეპორტიორებმა აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის შტაბ-ბინა ყუთებით დატოვეს მას შემდეგ, რაც 30-ი მედიასაშუალება არ დაეთანხმა პენტაგონის ახალ წესებს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალების გაშუქების შესაძლებლობას ზღუდავს.
ჟურნალისტებს მოეთხოვებათ პენტაგონის ახალი წესების აღიარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ აკრედიტაციის გაუქმება.
ახალი წესების თანახმად პრესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ დეპარტამენტის თანამშრომლებისგან საიდუმლო და ზოგიერთი ტიპის არასაიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნა და უწყების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გადაადგილება. როიტერი იმ მედიასაშუალებებს შორისაა, რომლებმაც უარი თქვეს ხელმოწერაზე, პრესის თავისუფლებისთვის საფრთხის მოტივით.
ახალი წესების მიღებაზე უარი თქვეს ასევე ასოსეიტედ პრესმა, ბლუმბერგ ნიუსმა, ნიუ-იორკ თაიმსმა, უოლ-სთრით ჯორნალმა, ვაშინგტონ პოსტმა, სი-ენ-ენმა, ფოქს-ნიუსმა და კიდევ რამდენიმე ცნობილმა მედიასაშუალებამ.
ჟურნალისტებს ოთხშაბათამდე მისცეს ვადა, დათანხმებოდნენ პენტაგონის ახალ პოლიტიკას, ან ჩაებარებინათ პრესის სამკერდე ნიშნები და დაეცალათ შენობაში არსებული სამუშაო სივრცეები.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე