ღარიბაშვილი ''გირჩზე'' და სამხედრო გაწვევაზე - "ამ სექტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარს" 

05 სექტემბერი 2019, 11:27 1712 ნახვა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჯარისგან ახალგაზრდების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გირჩის ინიციატივები სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის. 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“ დახმარებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისგან ათასობით  ადამიანი გათავისუფლდა.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ გირჩის საქმიანობა სახელმწიფოს ძირს უთხრის. 

''ჩემთვის თუნდაც გარედან მაყურებლისთვის ძალიან მტკივნეული იყო ის რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარდა. ვიტყოდი პირდაპირ ეს იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კატასტროფა, ტრაგედია. მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, მათთან აპელირებული წევრების ე.წ. გირჩის ინიციატივებს. მისი მოწოდებები საზოგადოების, მომავალი თაობის პირდაპირი დეგრადაციის მცდელობაა, რაც ყოვლად დაუშვებელია. 

მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობა სახელმწიფოსთვის'' - თქვა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა. 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ლევან იზორიას დროს დაწყებული, სამხედრო გაწვევის რეფორმის დროულად დასრულებაა. 

2017 წელს გირჩის წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს. ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს.

სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი, შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ. 

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი