ბათუმში 44 სკოლიდან სამ პედაგოგსა და ორ ტექნიკურ პერსონალს კორონავირუსი დაუდასტურდა  

12 მაისი 2021, 16:27 1430 ნახვა

ბათუმის 44 საჯარო და კერძო სკოლიდან, გეგმიური ტესტირების დროს კორონავირუსი სამ მასწავლებელსა და ორ ტექნიკურ პერსონალს დაუდასტურდა. 

ტესტირების პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება. პროტოკოლის მიხედვით მასწავლებელთა 20% უტარდება  პისიარ ტესტირება, დანარჩენებს კი კოვიდზე სწრაფი ტესტით ამოწმებენ. 

''პისირი ტესტის პასუხებს გვიან ღამით გავიგებთ. ხვალ შევუდეგბით სწავლას. ჩვენს ერთ თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი. მას კონტაქტი არ ჰქონია სხვა მასწავლებლებთან'' - უთხრა მაუწყებელს 14-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო გოგუაძემ. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 13 მაისს, ყველა სკოლაში განახლდება სასწავლო პროცესი, რადგან პედაგოგებს უქმე დღეების გამო, ერთმანეთთან და მოსწავლეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. 

''ინფიცირებულები იზოლაციაში იქნებიან და მკურნალობის კურსს გაივლიან. სწავლის განახლებას ეს ხელს არ შეუშლის. ასევე მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, ეს ნაბაყოფლობითია, ამიტომ ზუსტი მონაცემები არ გვაქვს რამდენი მასწავლებელი აიცრა. ვიცით, რომ ბევრს რიგი დაჯავშნილი აქვს'' - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა. 

ეპიდვითარების მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი იწყება. 

მშობლებს საშუალება აქვთ, კვლავ აირჩიონ სწავლების დისტანციური რეჟიმი. ამისთვის კი საჭიროა სპეციალურ პორტალზე მოსწავლეები დღეს დაარეგისტრირონ.

13 მაისიდან, ბათუმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. გამონაკლისი იქნება მეათე საბავშო ბაღი, სადაც კორონავირუსი ამღზრდელს დაუდგინდა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში