ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მათ მაჯისცემას - ირაკლი ღარიბაშვილი

27 ოქტომბერი 2021, 17:32 305 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მოქალაქეების მაჯისცემას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა უმთავრესია და მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად განხორციელდება.

''დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისათვის მებრძოლი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ ამ ადგილას ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე. მტკიცე სურვილი იცხოვროს თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ და მშვიდობიან სახელმწიფოში. სახელმწიფოში სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 

2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილი ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია. 

ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური  ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები, რომელითაც ქვეყანა დღემდე იმართება. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. პროგრესი და წინსვლა ხელშესახებია ყველა სფეროში, საშინაო თუ საგარეო ფლანგზე. სახელმწიფო მოქალაქეს გვერდში დაუდგა. გავათავისუფლეთ დატერორებული ბიზნესი და მედია. რაც მთავარია ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩადგა და მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. 

ხელისუფლება ხალხის ნაწილად იქცა, რომელიც უსმენს და გრძნობს მათ მაჯისცემას. დღეს აღარავის უნდა მხოლოდ წარსულზე საუბარი, რადგან წინ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. წინ ბევრი გამოწვევაა, ვებრძვით პანდემია, ვიმყოფებით რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ტერიტორიების 20% სააკაშვილის გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად დროებით ოკუპირებულია. ბევრ ადამიანს ისევ სჭირდება დახმარება. დიდ გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე.

დღეს, ჩვენ, აქ შეკრებით მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ ქართველი ხალხის არჩევანი, თქვენი ძალა, რომელიც დაამარცხებს ნებისმიერ ბოროტებას, დაასრულებს დესტაბილიზაციას, ბოროტი ძალების რევანშის და ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს'' - განაცხადა ღარიბაშვილმა. '' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პრემიერის თქმით ქვეყანაში ეტაპობრივად აღადგინეს სამართლიანობა და დააკავეს მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები. 

''დავაკავეთ ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი ჯალათი მეგის ქარდავა რამდენიმე კვირის წინ უკრაინიდან ჩამოვიყვანეთ. პირველ ოქტომბერს კი ამ სისხლიანი რეჟიმის მთავარ შემოქმედს, ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახან ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში'' - თქვა სიტყვით გამოსვლისას  პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანაზე შეკრებილ მოქალაქეებს 30 ოქტომბერს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რამდენიმე დღეში, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ არჩევანი. არა უბრალოდ არჩევანი ერთ და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ არჩევანი სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის.

ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ გაარკვევს, თუ რა სურს ჩვენს დიდებულ ხალხს. სურს, რომ დარჩენილი 20 მუნიციპალიტეტების მართვის სადავეები ანტიეკლესიურმა და ანტიეროვნულმა ძალებმა, მკვლელებმა და მწამებლებმა აიღონ და რეგიონებში შეიტანონ მუდმივი საბოტაჟი, ბოიკოტი, ქაოსი და არეულობა – თუ ჰუმანური, დემოკრატიული, ევროპული და ეროვნული ღირებულებების მქონე პატრიოტმა ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, რესურსი, ჩვენი ხალხის უმრავლესობის ნდობა, ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება. აი, ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი 30 ოქტომბერს. რამდენიმე დღეში მაქსიმალური მობილიზაციით კიდევ ერთხელ უნდა დავირაზმოთ, რათა 2 ოქტომბრის ტრიუმფალური გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში