გამოხმაურებები უცხოურ მედიაში

13 მაისი 2024, 11:04 322 ნახვა

აშშ-ის ორი  და რუსეთის ერთი  მოქალაქეა იმ 20 პირს შორის, რომლებიც თბილისში საპროტესტო აქციაზე დააკავეს - წერს საინფორმაციო სააგენტო ''როიტერსი'' და აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა  სადავო კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. 

საქართველოს ოპოზიციამ კანონპროექტის ოპონენტებს კვირას მოუწოდა,  მთელი ღამის განმავლობაში დარჩენილიყვნენ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი კვირას პირობა დადო, რომ კანონპროექტის განხილვა გაგრძელდება 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გამართული ყველაზე მასშტაბური მასობრივი პროტესტის მიუხედავად. 

პოლიციამ ორშაბათს დილით დაიწყო მომიტინგეების გაძევება პარლამენტის შენობის სამსახურებრივი შესასვლელებიდან, რამაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა - წერს როიტერსი და აღნიშნავს, რომ  დასავლური ქვეყნები და საქართველოს ოპოზიცია ამ კანონპროექტს გმობენ და მას ავტორიტარულ და რუსეთის მიერ შთაგონებულად მიიჩნევენ.

ამ კანონპროექტს უკავშირდება  მთავარი საკითხი, აგრძელებს თუ არა საქართველო პროდასავლურ კურსს, თუ   ამის ნაცვლად რუსეთთან კავშირებს ამყარებს. ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიანიჭა, არაერთხელ განაცხადა, რომ კანონპროექტმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას თბილისის შემდგომ ინტეგრაციას ბლოკთან.

თბილისში ათობით ათასი ადამიანი უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს - წერს თურქული სააგენტო ''ანადოლუ''. კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხელმეორედ წარადგინა, ოპოზიციის და ათობით ათასი ადამიანის  პროტესტი გამოიწვია. 

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა შემოღებულ კანონპროექტს უწყვეტი წინააღმდეგობა მოჰყვა, რამაც პროტესტი გამოიწვია. მომიტინგეები  კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

ევროპის დღის აღსანიშნავად  დემონსტრანტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით  ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდნენ დემონსტრანტები. ისინი  კანონპროექტის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. თურქული მედია წერს, რომ კანონპროექტს მისი მოწინააღმდეგეები კრიტიკოსებმა  "რუსული კანონს" უწოდეს. საპროტესტო აქციები საქართველოში დაახლოებით ერთი თვეა გრძელდება - აღნიშნავს ''ანადოლუ''.

საქართველოში ათობით ათასი ადამიანი აპროტესტებს რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ კანონს - წერს ''ვაშინგტონ პოსტი''. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა შეაქო ისინი, ვინც პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. დემონსტრანტები მის გაწვევას მოითხოვენ.

საკამათო კანონპროექტს კრიტიკოსები და უფლებადამცველი ჯგუფები სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.

გამოცემა წერს, რომ  წინა კვირებში კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული პროტესტი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის  ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. პოლიტიკურმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც აკონტროლებს პარლამენტს და მთავრობას, კანონპროექტი პარლამენტში გასულ თვეში წარადგინა მას შემდეგ, რაც მსგავსი ძალისხმევა 2023 წელს ძალადობრივი დემონსტრაციების შემდეგ შეწყდა.

კანონპროექტი არის საქართველოს მეზობელი რუსეთის კანონის ანალოგიური, რომელსაც კრემლი  პოლიტიკური უთანხმოების ჩასახშობად იყენებს - აღნიშნავს ვაშინგტონ პოსტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში