სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ისრაელის მთავრობის 37 წევრის, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ისრაელელ ოფიციალურ პირებს შორის, რომლებსაც ღაზაში ჩადენილი გენოციდისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ბრალდებები აქვთ წაყენებული თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი, გენერალური შტაბის უფროსი ეიალ ზამირი და საზღვაო ძალების მეთაური დავით საარ სალამა არიან.
პროკურატურის განცხადებით, იმის გამო, რომ ეჭვმიტანილები ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან და მათი დაკავება ვერ მოხერხდა, სტამბოლის სასამართლომ, პროკურორის მოთხოვნით, 2025 წლის 7 ნოემბერს, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე და 77-ე მუხლების (რომლებიც გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს მოიცავს) საფუძველზე, დაკავების ორდერები გასცა.